მოქალაქეები, რომლებიც ბობოყვათში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ინვესტორს არ შეუშვებენ და შიმშილობას დაიწყებენ
ქობულეთის მცხოვრებლები, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სოფელ ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ინვესტორს არ შეუშვებენ და შიმშილობას დაიწყებენ.
მათივე თქმით, ადგილზე კარვებსაც გაშლიან. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გასაყიდი ნაკვეთები მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა.
აუქციონის შეჩერების მოთხოვნით დღეს ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოში მივიდნენ და მიმდინარე სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან მოითხოვეს პასუხები.
სხდომა დეპუტატებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კი განაცხადა, რომ მოქალაქეებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც აუქციონის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა, ამიტომ სამინისტრო გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას არ აპირებს.
მინისტრის უარის შემდეგ, მოქალაქეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ გამართეს საპროტესტო აქცია და ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადავლენ.