მოქალაქეები გუდაურის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალის მონაკვეთზე, სადაც საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს გუდაურის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს, ხმაურია.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ანანურის, სხვა ახლომბდებარე დასახლებების მცხოვრებლები და მგზავრები პოლიციის მიერ გადაადგილების აკრძალვას აპროტესტებენ.
ამ დროისთვის 100-ზე მეტი ავტოტრანსპორტი დგას რიგში.
მოქალაქეებს პოლიციამ განუმარტა, რომ მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუმცა, მგზავრთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი ანანურში, ფასანაურსა და სხვა ახლომდებარე დასახლებებში მიემგზავრებიან და არა – გუდაურში.
შესაბამისად, მოქალაქეთა თქმით, მათთვის გაუგებარია შეზღუდვის მიზეზი.
მოქალაქეები პოლიციელებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და შეზღუდვას აპროტესტებენ.
პოლიციელების განმარტებით, საცობია ანანურთანაც, რის გამოც დამატებითი შეზღუდვა დაწესდა ჟინვალის წყალსაცავთანაც.
გუდაურის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია.