მოქალაქე ლუკა ფეიქრიშვილი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახურავიდან გადახტომით იმუქრებოდა
პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მოქალაქე ლუკა ფეიქრიშვილი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახურავიდან გადახტომით იმუქრებოდა.
ფეიქრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და საპატრულო პოლიციის უფროსთან, თემურ კუპატაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე. მოლაპარაკებების შედეგად მოქალაქე შენობიდან ჩამოვიდა.
ლუკა ფეიქრიშვილი პოლიციის მხრიდან მუქარაზე საუბრობდა და შენობიდან გადმოხტომით რამდენიმე წუთის განმავლობაში იმუქრებოდა. მას „ფეისბუქ“ ლაივი ჰქონდა ჩართული.
როგორც თავად ამბობს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა და პარლამენტის წინ, ზვიად კუპრავას ორგანიზებულ აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მისვლა აუკრძალა. მისივე ინფორმაციით, პოლიციელი მას დაკავებით დაემუქრა და 50 ლარიანი ჯარიმა დაუწერა.
როგორც ფეიქრიშვილი აცხადებს, მას აქვს იმედი, რომ მინისტრის მოადგილე შესაბამის ზომებს მიიღებს.
„მინისტრის მოადგილის დახმარებით ჩამოვედი. იმედი მაქვს, მიიღებს შესაბამის ზომებს. ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ, მათ ამიკრძალეს შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მისვლა. დამემუქრნენ დაკავებით, გამომიწერეს ჩემთვის გაუგებარი ჯარიმა, ვერ წარმომიდგინეს ვიდეო.ხელიც მკრა საპატრულო პოლიცის ეკიპაჟმა, დამცინოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ყველას თვალში ვეჩხირები ამ პოლიტიკურ აქციაზე, როგორც თვითონ აღნიშნეს. იმედი მაქვს, მინისტრის მოადგილე ამ საქმეს ასე არ დატოვებს. თუ არ იქნება გამოძიებული ეს საქმე, რადიკალური პროტესტის ზომებს მივმართავ“,- განუცხადა ჟურნალისტებს ლუკა ფეიქრიშვილმა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.