მოქალაქე ინგა ლონდარიძე აცხადებს, რომ სატელევიზიო სიუჟეტში მისი შვილის ფოტოს შეცდომით გამოყენების გამო, სასამართლოს მიმართავს
მოქალაქე ინგა ლონდარიძე აცხადებს, რომ სატელევიზიო სიუჟეტში მისი შვილის ფოტოს შეცდომით გამოყენების გამო, სასამართლოს მიმართავს

მოქალაქე ინგა ლონდარიძე აცხადებს, რომ მეტროში ახლგაზრდის გარდაცვალების ფაქტის სატელევიზიო გაშუქებისას, მისი შვილის ფოტოს შეცდომით გამოყენების გამო, სასამართლოს მიმართავს.

მისი თქმით, ამ ფაქტით, მისმა ოჯახმა და ახლობლებმა მძიმე ტრავმა მიიღეს.

საუბარია „თბილისის მეტროპოლიტენში“ გუშინ მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ლიანდაგებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა.

როგორც ინგა ლონდარიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გარდაცვლილსა და მის შვილს ერთი და იმავე სახელი და გვარი აქვთ. სატელევიზო გაშუქებისას „რუსთავი 2“-მა მისი შვილის ფოტო გამოიყენა, რომელიც იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.

„ჩემი შვილის სურათი სხვის ფოტოში შეეშალათ. სახელი და გვარი ერთი და იგივე იყო. აუცილებლად ვუჩივლებ და ბოდიშს მოვახდევინებ. ჯერ ისევ შოკში ვარ. „კურიერის“ ეთერში გავიდა ეს ინფორმაცია, გიორგი ბადალაშვილის გარდაცვალების ამბავი და გამოაქვეყნეს ჩემი შვილის სურათი. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სახლში. ჩემი შვილი სავარჯიშოდ იყო წასული, თან ტელეფონიც კი არ ჰქონდა წაღებული. ძალიან დიდი ტრავმა მივიღეთ. მსგავსს არავის არაფერს ვუსურვებ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ყველა გაოგნებული იყო და ტელეფონი არ ჩერდებოდა. მომდევნო კვირაში, ორშაბათს ან სამშაბათს აუცილებლად შევიტან საჩივარს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და მოვითხოვ პირდაპირ ეთერში ბოდიშს“, – განაცხადა ინგა ლონდარიძემ.