მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ორივე კანდიდატს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრიან კენჭს, პროდასავლური პოზიცია აქვთ.

მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდება მონტენეგროს მოქმედი ლიდერი მილო ჯუკანოვიჩი და პროევროპელი ეკონომისტი იაკოვ მილატოვიჩი. როგორც მედია წერს, ეს უკანასკნელი მხარს უჭერს სერბეთთან მჭიდრო ურთიერთობებს.

პირველ ტურში, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა, პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 35 პროცენტი მიიღო, ხოლო მილატოვიჩმა – 29 პროცენტი.

მედიის ცნობით, ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში მილატოვიჩს გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვს, რადგან მას პროსერბული ბანაკის ყველა წარმომადგენელი უჭერს მხარს.

საპრეზიდენტო არჩევნებს მონტენეგროში წინ უძღოდა ერთწლიანი არასტაბილური პოლიტიკური პერიოდი, რა დროსაც ქვეყანაში ორი მთავრობა შეცვალეს. 16 მარტს პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები ივნისში დანიშნა.

ექსპერტების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდ გავლენას მოახდენს ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებზეც.