მონტენეგროს ზედიზედ მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე - ბულგარეთს სამი მარცხი დაუგროვდა [ფოტო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მე-3 ტურის შეხვედრები იმართება. „თბილისი არენაზე“ ერთმანეთს ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებები შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ როსენ ბარჩოვსკის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო, საბოლოო ჯამში 81-91 დამარცხდა.
პირველი ტაიმში გუნდები ძირითადად შეტევაზე აკეთებდნენ აქცენტს. საწყისი მეოთხედი თანაბარი ანგარიშით დასრულდა, მეორე მეოთხედი კი ბულგარელებმა მხოლოდ 1 ქულით მოიგეს და დიდ შესვენებამდე მცირე უპირატესობით გავიდნენ 46-45.
მესამე მეოთხედში სრულიად განსხვავებული მონტენეგრო ვიხილეთ – შეტევის გარდა, ბოშჯო რადოვიჩის გუნდი დაცვაშიც აქტიური იყო და საკუთარ კალათში მხოლოდ 12 ქულა მიიღო, საპასუხოდ კი 22 ქულა მოიპოვა. ბოლო პერიოდამდე სხვაობა 9 ქულა იყო და ბულგარეთის ნაკრებს მატჩის შემოტრიალების შანსი ჰქონდა – ბარჩოვსკის გუნდმა ანგარიშიც გაათანაბრა და ევრობასკეტზე პირველი გამარჯვების შანსიც გაუჩნდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო მონაკვეთში მონტენეგროელები, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად უკეთ ათამაშდნენ და მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
წაგების მიუხედავად, შესანიშნავად ითამაშა ბულგარელთა ცენტრმა ალექსანდრ ვეჟენკოვმა, რომელიც ორმაგ დუბლთან ახლოს იყო – 26 ქულა და 8 მოხსნა, მეორე საუკეთესო შედეგი კი მის გუნდელს სტანიმირ მარინოვს ჰქონდა 20 ქულა. გამარჯვებულების მხრიდან 17-17 ქულით იგორ დრობნიაკი და ბოიან დუბლიევიჩი გამოირჩნენ.
3 დღის შემდეგ მონტენეგროს ნაკრებს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, ბულგარელებს კი 3-დან 3 წაგება. A ჯგუფის მეორე შეხვედრა „თბილისი არენაზე“ 18:15-ზე დაიწყება – ერთმანეთს ესპანეთის ნაკრები და ბელგია დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით კი საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება 21:00. ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.