მონტენეგროს პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია, ახლიდან გავაღვიძოთ ევროკავშირის ზრდის ინტერესი, ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს
გეოპოლიტიკური სიტუაცია ძალიან რთული თემაა. მნიშვნელოვანია, როლები სწორად იქნას გადანაწილებული და რეგიონებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი მიზნები აასრულონ, – ამის შესახებ მონტეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები წინ. ევროკავშირის ზრდის ინტერესი, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ კლებულობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლიდან გავაღვიძოთ ეს ინტერესი. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. მინდა, რაღაც გითხრათ: სლოვენიაში, ლუბლიანაში გაიმართა სამიტი და ამ ყველაფერმა ჩასახა ახალი იმედი იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის შესაძლოა, ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ჩვენ ძალიან აქტიური დიალოგი გვქონდა გამართული. პოლიტიკური ვაკუუმი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რომ მესამე მხარის ინტერესი ძალიან აქტიური იქნება. გეოპოლიტიკური სიტუაცია ნამდვილად ძალიან რთული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როლები სწორად იქნას გადანაწილებული და რეგიონებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი მიზნები აასრულონ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ორივე რეგიონში“, – აღნიშნა მილო ჯუკანოვიჩმა.
მისი თქმით, ბევრი შესაძლებლობა არსებობს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„თქვენ აღნიშნეთ, მე გავმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი, მრავალი შესაძლებლობა არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩვენ უმაღლესი დონის მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. ჩვენ შეგვიძლია, ეკონომიკის, კულტურისა და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობა გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლობა და შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნები გააცნონ ერთმანეთს ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და ჩვენ გვსურს, რომ ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა.
ამასთან, მილო ჯუკანოვიჩმა სალომე ზურაბიშვილი მონტენეგროში მიიწვია.
„პრეზიდენტო, ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, ვეწვიო თქვენს ქვეყანას. ახლა შევაჯამებ. საუკეთესო სურვილები საქართველოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება და მომავალში ყველა მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. მე გიწვევთ მონტენეგროში. როდესაც გექნებათ საშუალება, აუცილებლად უნდა ჩამობრძანდეთ“, – აღნიშნა მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა.