მონტენეგრო, ალბანეთი, ნორვეგია და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ
მონტენეგრო, ალბანეთი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება აგრძელებს შემზღუდავ ზომებს ექვსი თვით, 2019 წლის 31 ივლისამდე. ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპული ეკონომიკური ზონის წევრი ნორვეგია, ასევე უკრაინა შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნები იღებენ საკუთარ თავზე ვალდებულებას, უზრუნველყონ საკუთარი შიდა პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებისადმი.
„ევროკავშირი ცნობად იღებს და მიესალმება ამ ვალდებულებას“, – ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 21 დეკემბერს გაახანგრძლივა. სანქციები რუსეთის საბანკო, ფინანსური და ენერგეტიკული სექტორებისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს.