მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ფოკუსირებული იყოს საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებაზე და ეს გააკეთოს ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე რეკომენდაციები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა, კლაუდ კერნმა და ედიტ ესტრელამ, მოუწოდეს მთავრობას, კანონი გააუქმონ.
„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ლეგალური არგუმენტების დასახელება იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. ეს არგუმენტები ახლა მათ გადაეცათ ვენეციის კომისიის მიერ ერთსულოვნად გაცემული რეკომენდაციების სახით, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი, როგორც ეს ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.
განცხადებაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების რეგულირება. თანამომხსენებლების აზრით, ხელისუფლებას შეუძლია, ფოკუსირებული იყოს ამ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებაზე, თუ ამის ობიექტური საჭიროება არსებობს და ეს გააკეთოს ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან ამ საკითხზე საქართველოს მონიტორინგის პროცედურის ჩარჩოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამართავს დებატებს საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ვილნიუსში 24 მაისს დაგეგმილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში შედგება.