მონიკა ბელუჩიმ მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა
მონიკა ბელუჩიმ მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა

ნიუ იორკი, ლონდონი, მილანი და პარიზი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს მასპინძლობენ. ამერიკისა და ბრიტანეთის შემდეგ ჩვენება იტალიაში გაიმართა. „ჯილ სანდერი“, „ჯორჯიო არმანი“, „სალვატორე ფერაგამო“, „მაქს მარა“, „რობერტო კავალი“,  „ვერსაჩე“, „მარნი“, „მისონი“, „მონკლერი“ და სხვა ცნობილი იტალიური მოდის სახლები ერთი კვირაა, საინტერესო დეფილეებს მართავენ.

დიზაინერი, რომლის ჩვენებითაც მილანის მოდის კვირეულმა სტარტი აიღო, მოდის ინდუსტრიის ვეტერანი ალბერტა ფერეტია. რბილ, სადა ტონებში გადაწყვეტილ კოლექციაში აქცენტი ფართე შარვლებსა და მოკლე ქვედაბოლოებზე იყო გაკეთებული. 70-იანების ფრანგული მუსიკის ფონზე მოდელები პოდიუმზე სანდლებითა და ნაქსოვი ზურგჩანთებით გამოვიდნენ. კოლექციაში ასევე იყო მოკლე, კლასიკური, ტანზე მომდგარი შავი კაბები.

ჯიბეები და მოხერხებული ქამრები იყო  მთავარი აქსესუარი „ფენდის“ მოდის სახლის ახალ კოლექციაში. მოდელები ჩვენებაზე თეთრი და ღია ყავისფერი სამოსით გამოჩდნენ. ტყავის კორსეტები, სპორტული კაბები და ბაიკერის შორტები ასევე აქტუალურია „ფენდის“ 2019 წლის გაზაფული-ზაფხულის კოლექციაში. აქცენტი გაკეთდა ლიკრის ჩექმებზე, სანდლებსა და დიდი ზომის ჩანთებზეც.

ემპორიო არმანის“ მოდის სახლის ჩვენება მილანის ერთ-ერთ აეროპორტში გაიმართა. შოუზე დასასწრებად სტუმრებს უსაფრთხოების შემოწმების გავლა და გრძელ რიგში დგომაც მოუწიათ. მოდის სახლმა ქალისა და მამაკაცის კოლექცია წარმოადგინა, რომელიც მდიდარი იყო საინტერესო აქსესუარებით, ასიმეტრიულად აჭრილი ქსოვილებითა და ფერებით. სპორტული ხაზით დაწყებული საღამოს კაბებით დამთავრებული ჩვენება 20 წუთი გრძელდებოდა.

მიუჩია პრადამ პოდიუმზე კონსერვატიულისა და ექსტრავაგანტულის სინთეზი წარმოადგინა. ქაშმირისა და შიფონის კაბები ოქროსფერი ღილებით იყო გაწყობილი. შოუ გახსნა მოდელმა, რომელსაც მოკლე ყავისფერი შარვალი შავი ზედა და ვარდისფერი სანდლები ეცვა. კოლექციაში ასევე იყო წარმოდგენილი დიდი ზომის პერანგები, გეტრები, ინსპექტორები და ტყავის ჩანთები.

სპორტული სამოსისა და ელეგანტური კაბების ერთობლიობა შეარჩია „ბლუმარინის“ მოდის სახლმა. გველის ტყავის ქსოვილები, იასამნისფერი ზედები და სხვადასხვა ფერის ჯინსები განსაკუთრებით უხდებოდა მეჩვიდმეტე საუკუნის ნაგებობას, სადაც „ბლუმარინის“ ჩვენება გაიმართა.

სიჭრელითა და მკვეთრი ფერებით გამოირჩეოდა „ეტროს“ ჩვენებაც. წელს ბრენდი 50 წლის იუბილეს ზეიმობს და ამ თარიღისთვის კოლექციაში საინტერესო თავსაბურავებიც გაჩნდა.

„დოლჩე გაბანას“ მოდის სახლის 2019 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა ლეგენდარულმა იტალიელმა მსახიობმა, მონიკა ბელუჩიმ მიიღო.

მილანის მოდის კვირეული ხვალ დასრულდება რის შემდეგაც პარიზის მოდის კვირეულია დაგეგმილი.