„მონღოლეთის დაზვერვისგან მიღებული ფული რესტორან „გივიში“ დავხარჯე“
„მონღოლეთის დაზვერვისგან მიღებული ფული რესტორან „გივიში“ დავხარჯე“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან მისი ბინის ჩხრეკის ნებართვა მიიღო.

როგორც თავად სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ბინის ჩხრეკას სპეცსამსახურები უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში აპირებენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლები თავს დაესხნენ მის მძღოლს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და ბინის გასაღები წაართვეს. ამას გარდა, მისი თქმით, აგენტებმა მის ბინაში 10 დღის წინ კამერები დაამონტაჟეს.

„პოროშენკოს კორუფციული სქემების შესახებ გაზეთები ჰეროინით კარადაშია, „როშენის“ მოწამლული შოკოლადი – მაცივარში, ასაფეთქებელი სეიფშია შენახული, მონღოლეთის დაზვერვისგან მიღებულ ფულს ნუ ეძებთ – ჟურნალისტებთან ერთად რესტორან „გივიში“ სასმელში დავხარჯე და არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, როდესაც ბინიდან გასვლას დააპირებთ, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრ ალექსეევიჩი (პოროშენკო) ДТЭК-ს თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიის ტარიფები კიდევ უფრო იკბინება“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გენერალურ პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მისი დაკავება დაავალა.