მონაცემთა ბაზაში არსებული უხარისხო ფოტოები ბიომეტრიული ფოტოსურათებით იცვლება
პროექტ „საარჩევნო სიების სრულყოფის“ ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში არსებული უხარისხო ფოტოების ბიომეტრიული ფოტოსურათებით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
კანონის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეწოდება მოქალაქეთა ფოტოსურათიანი მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 27 მარტს სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 101 წლის ქეთო ტაბაღუასთან საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ და ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურის ადგილზე მიღებაში გაუწიეს დახმარება.
2014 წლიდან დღემდე აღდგენილია 3450 უსურათო ჩანაწერი. დღეს არსებული მდგომარეობით, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 1500 უსურათო/უხარისხო სურათის მქონე მოქალაქის ჩანაწერია. აქედან, 645 მოქალაქე რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო 430 მოქალაქეს რეგისტრაცია გავლილი აქვს საზღვარგარეთ.
მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ადამიანები, რომელთა ფოტოსურათებიც არ ინახებოდა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საჭირო ფოტოსურათის მისაღებად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან. „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა ამ მოქალაქეებთან საცხოვრებელ ადგილზე მისვლა, პირადობის მოწმობისთვის საჭირო განაცხადების ჩაბარება და შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოს გადაღებაც.
დღემდე სააგენტოს წარმომადგენლები 2 203 მოქალაქის მისამართზე გამოცხადდნენ. მონაცემთა ბაზაში აღდგენილია 1000-ზე მეტი მოქალაქის ფოტო, ხოლო 749 -ს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე გაუწიეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად საჭირო დახმარება.
„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. სააგენტომ პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.