მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების საფასურის გაზრდაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე ხვალ მოხდება
მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების საფასურის გაზრდაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე ხვალ მოხდება

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასურის გაზრდის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტის გათვალისწინებით, რამდენიმე მომსახურების საფასური იზრდება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება; ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.

მთავრობა განმარტავს, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება სააგენტოს შემოსავალს გაზრდის, მოსალოდნელი შემოსავალი დაახლოებით 40 მლნ. ლარია, რაც როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.

„გასათვალისწინებელია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ ვალდებულებას წარმოადგენს. ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ასევე პირდაპირპროპორციულად აისახება საპატრულო პოლიციის დატვირთულობის ხარისხზე. მომსახურებების ფასთა კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა მის მიერ მისთვის კანონმდებლობის დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია კანონპროექტში.