მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო
მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო.

შსს-ს ცნობით, მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) დარეგისტრირებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.

ხოლო ის პირები, რომლებიც ცნობის მისაღებად განაცხადს ადგილზე, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გააკეთებენ, დამზადებულ დოკუმენტს ასევე ელექტრონული წესით მიიღებენ. მოქალაქეებს განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნებათ შესაბამისი ბმული, საიდანაც ცნობის ჩამოტვირთვას შეძლებენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტომ ორი ახალი სახის ცნობის გაცემა დაიწყო:

გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის და სასჯელისაგან (სასჯელის მოხდისაგან) გათავისუფლების შესახებ;

სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10-ზე მეტი სახის ცნობა გაიცემა.

დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს აღნიშნული ცნობის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება და თარგმანი. სააგენტოში ცნობის თარგმნა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე.