მომსახურების სააგენტო ტაქსით გადაყვანის ნებართვის აღების მსურველებს შეღავათს სთავაზობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ტაქსით გადაყვანის ნებართვის აღების მსურველებს საფასო შეღავათს სთავაზობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გაცნობებთ, რომ მოქალაქეებს რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპის მითითების მიზნით შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის მომსახურება მიიღონ უსასყიდლოდ.
შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც 2013 წლის პირველ ივლისამდე დარეგისტრირებული აქვთ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები.
აღნიშნული საფასო შეღავათი არ ეხებათ მათ, ვისაც 2013 წლის პირველ ივლისამდე წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულება და ამ მიზნით არ მიუმართავს მომსახურების სააგენტოსთვის“, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო და ამოქმედდა ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge.