მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1 აპრილს ეწურება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდება.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1 აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი გამოცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.