მომსახურების სააგენტო მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესის ამოქმედების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციის დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
„ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო 28 მარტიდან გახდა.