მომხმარებელმა კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო
მომხმარებელმა კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო

ნიუ-ჯერსის სასამართლომ სტივენ ლანცო დაზარალებულად ცნო. მან კომპანია  Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო.

1972 წელს დაბადებული სტივენ ლანცო ირწმუნებოდა, რომ ჯონსონის პროდუქტის საბავშვო ტალკი აზბესტს შეიცავს. დაბადებიდან მისი გამოყენებით კი,  მეზოთელიომა განუვითარდა. იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც აზბესტის მტვრის შესუნთქვა იწვევს. ლანცო ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდა, რომ ნედლეული მოპოვებისას აზბესტით ბინძურდება.

Johnson & Johnson -ის წინააღმდეგ  6 ათასამდე საქმე არსებობს, სადაც მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ კომპანიის პროდუქცია საკვერცხეების სიმსივნეს იწვევს. ახლა ამ მოსარჩელეთა უფლებადამცველები აპირებენ სარჩელი აზბესტის შემცველობასთან დაკავშირებითაც შეიტანონ.

კომპანია Johnson & Johnson -ში ვერდიქტის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და ამბობენ, რომ მათ პროდუქტებში აზბესტის შემცველობა არასდროს დაფიქსირებულა.  ადვოკატ პიტერ ბიქსის თქმით, 1970-იან წლებში კომპანიაში განიხილავდნენ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა განეცალკევებინათ აზბესტი ნედლეულისგან იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა დაბინძურება. თუმცა ასეთი შემთხვევა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული პერმანენტული ტესტირებით არ გამოვლენილა.

კომპანია Johnson & Johnson-ის გაყიდვებმა მხოლოდ 2017 წელს 76.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის სიმსივნის კონტროლის საზოგადოების მონაცემებით, ყოველწლიურად მეზოთელიომით სამი ათასამდე ადამიანი ავადდება. საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი კი 22 ათასამდე ადამიანს უდგინდება.