მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა ერთი თვით, 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ განცხადებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.
„რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნესომბუდსმენმა შრომის ინსპექციას მიმართა, რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს.
იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი.