მომავალი წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 3 მლნ ლარზე მეტით იზრდება
დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები ჯამურად, 3 მლნ 700 ათასი ლარით იზრდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35%-ს შეადგენს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.
მისი თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხარჯები 29 მლნ ლარს, დაავადებათა სკრინინგი კი – 2 მლნ ლარს შეადგენს.
„გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 3 მლნ 300 ათას ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია ტრანსპლანტაცია და კომუნალური სუბსიდირება. ასევე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
გარდა ამისა, ვიცე-მერის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯამურად, 32 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა გათვალისწინებული.