მომავალ, მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდეს
2020 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტისთვის შესაძლოა, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი გაერთიანდეს.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და გიორგი კახიანი არიან.
ინიციატივაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში იქნება შემდეგი კომიტეტები – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლებისა და მეცნიერების; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; ევროპასთან ინტეგრაციის; თავდაცვისა და უსაფრთხოების; იურიდიულ საკითხთა; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; საგარეო ურთიერთობათა; საპროცედურო საკითხთა და წესების; საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის; კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარეობს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებული აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაუქმდება და მისი ფუნქციები სხვა კომიტეტზე გადანაწილდება.
ასევე უქმდება დიასპორის კომიტეტი და ის კულტურის ნაწილთან ერთად სპორტის კომიტეტთან ერთიანდება, რომელიც ამჟამად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტშია წარმოდგენილი.
ახალი ცვლილებების შესაბამისად, საფინანსო კომიტეტს აუდიტის ფუნქციაც დაემატება.
„რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად ცვლილებას წარმოადგენს საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის გაუმჯობესების და სრულყოფის საკითხი. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია 15 კომიტეტი. აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება“,- აღნიშნულია პროექტში.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა არის 15, მეათე მოწვევის პარლამენტში კი, 13 იქნება.