მოლდოვური მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე გაწევრიანების ვარიანტს არ გამორიცხავენ
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე გაწევრიანების ვარიანტს არ გამორიცხავენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მოლდოვამ, შესაძლოა, კონფლიქტის დარეგულირების გზა უკვე როგორც ევროკავშირის წევრმა ეძიოს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური სააგენტო NewsMaker-ი ავრცელებს.
მედიასაშუალებამ საგარო საქმეთა უწყებას გამოცემა „პოლიტიკოსთან“ მინისტრის, ნიკუ პოპესკუს მიერ გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვა.
„დნესტრის მარცხენა სანაპირო მოლდოვის შემადგენელი ნაწილია და კიშინეუს ხელისუფლებას სურს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ამავე დროს, ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია, გავწევრიანდეთ ევროკავშორში, როგორც რეინტეგრირებული ქვეყანა. მეორე ვარიანტი, შესაძლოა, ყოფილიყო ევროკავშირში იმ ტერიტორიის გაწევრიანება, რომელიც კიშინეუს კანონიერი და ლეგიტიმური ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რაზეც მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა – კონფლიქტის შემდგომი დარეგულირებით.
2023 წლის პირველ ივნისს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი არ წარმოადგენს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას და თქვა, რომ ამგვარი შემთხვევები უკვე ყოფილა. ამგვარად, თუ მოლდოვა არ გაწევრიანდება ევროკავშირში, როგორც რეინტეგრირებული ქვეყანა, კიშინეუს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან გააგრძელებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც“, – უპასუხეს მოლდოვურ სააგენტოს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
19 სექტემბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ „პოლიტკოსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს კიშინეუ, შესაძლოა, შეუერთდეს ევროკავშირს, იმის მიუხედავად, რა ხდება დნესტრისპირეთში.