დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება „დეპუტატთა ყრილობას“ ამზადებს, რომლის დროსაც შესაძლოა, პუტინს რუსეთის შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართონ
დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება 28 თებერვალს „დეპუტატთა ყრილობას“ ამზადებს, რომლის დროს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ინიციატივით მიმართონ. მიმართვის ტექსტი ჯერჯერობით უცნობია.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 28 თებერვალს იგეგმება დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტის, ასევე რაიონული, საქალაქო და სოფლის საბჭოების შეკრება. დნესტრისპირელმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, გენადი ჩორბამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ყრილობაზე დნესტრისპირელი დეპუტატები მიმართავენ ვლადიმერ პუტინს და სთხოვენ მას რუსეთში მიღებას.
აღსანიშნავია, რომ 29 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვა. მოლდოვური მედია წერს, რომ დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ მოიწვია ყველა დონის ადგილობრივი დეპუტატების ყრილობა, რათა განეხილათ „მოლდოვის მხრიდან ზემოქმედება, რომელიც არღვევს უფლებებს და აუარესებს დნესტრისპირელების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“.
დნესტრისპირეთში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთი მომავალ კვირას რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, არ მოითხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინას არ მიუღია არანაირი მოთხოვნა მოლდოვისგან პოტენციურ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.