მოლდოვის ვიცე-პრემიერი - კავშირზე ვართ მეგობრებთან და კოლეგებთან საქართველოსა და უკრაინაში, ყველას გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია
ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საკითხი მოლდოვისთვის არის დახმარების მიღება ლტოლვილთა კრიზისის, ჰუმანიტარული კატასტროფის სამართავად, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი საშინელი ტრაგედიაა მთელი ევროპული კონტინენტისთვის, უკრაინისთვის და რა თქმა უნდა, მოლდოვისთვის. მოლდოვა უკრაინის ყველაზე მოწყვლადი მეზობელია. 360 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან მოლდოვაში გაიქცა, მოგვიანებით ბევრი მათგანი ევროკავშირში გადავიდა. ამჟამად ჩვენ გვყავს 100 000 უკრაინელი ლტოლვილი, რაც ჩვენი მოსახლეობის ოთხი პროცენტია. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ამას აქვს დიდი გავლენა მოლდოვაში სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. ასე რომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საკითხი მოლდოვისთვის არის დახმარების მიღება ამ ლტოლვილთა კრიზისის, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის სამართავად. ის ყველა ჩვენგანზე აისახება“, – განაცხადა ნიკუ პოპესკუ.
მისი თქმით, ყველაზე სასწრაფოა ახლა მოლდოვის დახმარება, რომ მან გაუძლოს ამ ომის რეგიონულ შოკს.
„ამავე დროს, მოლდოვამ, უკრაინასა და საქართველოსთან ერთად, ახლახანს წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მოლდოვაში ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული ქვეყანა ვართ ევროპული პოლიტიკური სისტემით, ევროპული ისტორიით. ევროპული ენით, ევროპული საზოგადოებით და ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში შესასვლელად“, – აღნიშნა მოლდოვის ვიცე პრემიერმა.
მისივე თქმით, მოლდოვა კავშირზეა ჩვენს მეგობრებთან და ჩემს კოლეგებთან საქართველოსა და უკრაინაში
„ჩვენ ქმედებების კოორდინირებას ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან ტრაგიკულია, თუმცა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია. ეს არის საუკეთესო გზა ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რისიც მოლდოვაში გვჯერა“, – განაცხადა პოპესკუმ.