მოლდოვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი - მოლდოვა ვერ გახსნის მეორე ფრონტს დნესტრისპირეთში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს
მოლდოვას არ შეუძლია, არმია გამოიყენოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ანატოლი შალარუ აცხადებს, მოლდოვა ვერ გახსნის მეორე ფრონტს დნესტრისპირეთში და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.
„მოლდოვის რესპუბლიკას არ შეუძლია დნესტრისპირეთის საკითხის სამხედრო გზით გადაჭრა, რადგან დნესტრისპირეთი არის მოლდოვის განუყოფელი ნაწილი. მოლდოვას არ შეუძლია, არმია გამოიყენოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. დნესტრისპირეთში მცხოვრებლების უმრავლესობა არის მოლდოვის მოქალაქე, სადღაც 75-80%. ჩვენ ვმონაწილეობთ 5+2 ფორმატში. მთელი ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო ახლა დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით გადავჭრათ ეს საკითხი“, – განაცხადა შალარუმ.
მოლდოვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ უკრაინას მართლაც აქვს საკმარისი ძალა, დნესტრისპირეთის საკითხი ძალისმიერი გზით მოაგვაროს, თუმცა კიევს ამის უფლება არ აქვს.
„დიახ, უკრაინის არმიას შეუძლია დნესტრისპირეთის საკითხის გადაჭრა. მათ აქვთ საკმარისი ძალა, მაგრამ თავად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმაც თქვა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, ამაზე ისაუბროს, რადგან დნესტრისპირეთი არის მოლდოვის განუყოფელი ნაწილი, ხოლო მოლდოვა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და როგორც არესტოვიჩი თავადაც აცხადებს, უკრაინას იქ შესვლის უფლება არ აქვს“, – აცხადებს შალარუ.
შალარუ არც იმას გამორიცხავს, რომ დნესტრისპირეთში არსებობდნენ ძალები, რომლებიც შეკრული არიან რუსეთთან და სურთ მოლდოვის ჩათრევა უკრაინასთან ომში.
„პროვოკაცია თუ იქნება და ტირასპოლიდან გაუშვებენ რაკეტებს უკრაინის მიმართულებით, მაშინ უკრაინას აქვს უფლება, უპასუხოს, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი რამ მოხდება. დნესტრისპირეთში არიან გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც მუშაობენ რუსების წარმომადგენლებთან. მე ვსაუბრობ მილიტარისტულ დაჯგუფებებზე, რომელთაც აქვთ სურვილი, მაგალითად, შეცვალონ იქ ადგილობრივი ხელმძღვანელობა, სურთ, მიიღონ ძალაუფლება დნესტრისპირეთში. მათ სურთ მოლდოვის უკრაინასთან კონფლიქტის პროვოცირება, რადგან თუ დნესტრისპირეთიდან დარტყმას მიიტანენ უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი ამას შეაფასებს, როგორც მოლდოვის თავდასხმას უკრაინაზე, რადგან დნესტრისპირეთი დე იურე მოლდოვის ნაწილია. ისინი იტყვიან, რომ მოლდოვა ჩაება ომში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან ერთად. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რა რეაქცია იქნება კიევში, თუ ასეთი რამ მოხდება“, – განაცხადა შალარუმ.
მოლდოვის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 29 აპრილს, 14:00 საათზე, „საქართველოს რადიოს“ ერთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.