მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო - არმია პოლიტიკურ კრიზისში არ ჩაერევა
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმია პოლიტიკურ კრიზისში არ ჩაერევა. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ საგანაგებო განცხადებაში.
„ეროვნული არმია აგრძელებს საქმის შესრულებას, არ მონაწილეობს კრიზისში და არ ერთვება პოლიტიკური თამაშებში. არმია მხოლოდ საკონსტიტუციო წესრიგს ემორჩილება“, – ნათქვამია მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, სამხედრო ნაწილებში უცხო პირთა შესვლა შეიზღუდება.
შეგახსენებთ, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა. თავის მხრივ, პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
პარლამენტში ჩამოყალიბებული ახალი მთავრობის წევრები ამ განკარგულებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ წინა მთავრობა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას არ აპირებს და „ხელისუფლების უზურპაციას ახდენს“. პარლამენტში „ხელისუფლების მიტაცების შესახებ“ დოკუმენტიც მიიღეს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, შექმნილ მდგომარეობაში დახმარებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა.