მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო ევროკავშირმა ექვს ფიზიკურ პირს და ერთ კომპანიას სანქციები დაუწესა
მოლდოვის დესტაბილიზაცისა და ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო ევროკავშირმა ექვს ფიზიკურ პირს და ერთ კომპანიას სანქციები დაუწესა.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, სანქციები დაწესდა გასამხედროებული ორგანიზაციის, Scutul Poporului-ის წინააღმდეგ, რომელმაც არაერთხელ სცადა მოლდოვის დემოკრატიული მთავრობისთვის ძირის გამოთხრა, მათ შორის არეულობისა და ძალადობრივი დემონსტრაციების წაქეზებით. შეზღუდვები დაუწესდა ორგანიზაციის ლიდერსაც.
„შავ სიაში“ ასევე მოხვდა რუსეთის „ფეესბეს“ ოპერატიული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია მოლდოვაში, განსაკუთრებით კი დნესტრისპირეთში რუსეთის საიდუმლო ოპერაციებზე. ამას გარდა, სანქციები შეეხო ქვეყანაში რამდენიმე მედიასაშუალების მფლობელი კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც მოლდოვაში დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ხელის შეშლის მიზნით აწარმოებდნენ კამპანიას.
სანქციების სიაში არიან საბანკო თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული პირებიც.
„მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შედეგად. ხორციელდება ქვეყნის დესტაბილიზაციის სერიოზული, სულ უფრო მძლავრი და მუდმივი მცდელობები. დღევანდელი სიები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი მოლდოვისადმი, მისი სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის შესახებ. ევროკავშირი რჩება მოწოდებული, გააგრძელოს მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც ჩვენი უშუალო სამეზობლოს დესტაბილიზაციას ახდენს“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.