მოლდოვის სოციალისტური პარტია აცხადებს, რომ საზღვარგარეთის უბნებზე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და არჩევნებში ნამდვილ გამარჯვებულად ალექსანდრ სტოიანოგლოს მიიჩნევს
მოლდოვის სოციალისტური პარტია აცხადებს, რომ საზღვარგარეთის უბნებზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შედეგებს არ აღიარებს და მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილ გამარჯვებულად ალექსანდრ სტოიანოგლოს მიიჩნევენ.
მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
სოციალისტურ პარტიაში მაია სანდუს „არალეგიტიმური პრეზიდენტი“ უწოდეს.
პარტიის განცხადებით, ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, განსაკუთრებით ხმის მიცემას დნესტრისპირეთის რეგიონში და საზღვარგარეთის უბნებზე, არ შეიძლება ეწოდოს ხალხის ნების თავისუფალი და დემოკრატიული გამოხატვა.
„მაია სანდუ გახდა „დიასპორის პრეზიდენტი“. მოლდოვის სოციალისტების პარტია არ აღიარებს საზღვარგარეთის უბნებზე ხმის მიცემას, რომლის შედეგადაც, სანდუ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
სოციალისტურ პარტიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს გამართავენ სხვა პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან სახელმწიფო ორგანოების დეპოლიტიზაციისა და საარჩევნო კამპანიების დროს თანაბარი პირობების უზრუნველყოფის საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად.
„მოლდოვის მოსახლეობამ 2024 წლის 3 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება და მიუთითა ამ ხელისუფლების შეცვლის სურვილზე. მოლდოვის მცხოვრებლები გადაწყვეტენ შემდგომშიც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ხმა მისცა ამომრჩევლების 55, 33%-მა, მის მეტოქეს, მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრ სტოაინოგლოს – 44,67%-მა. მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიასპორის ხმებით შეძლო. საზღვარგარეთის უბნებზე სანდუმ ხმათა დაახლოებით 83 პროცენტი აიღო. ქვეყნის შიგნით ის მოწინააღმდეგეს ხმების დაახლოებით 2%-იანი სხვაობით ჩამორჩა. ამასთან, მაია სანდუმ გაიმარჯვა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში, სადაც მას ამომრჩეველთა 57,38%-მა დაუჭირა მხარი.