მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 100 პროცენტი. მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 55.33 პროცენტით მოიპოვა.
„სოციალისტების“ პარტიის წარმომადგენელს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 44.67 პროცენტი აქვს.
არჩევნებში აქტივობა 54 პროცენტი იყო. ყველაზე აქტიური ამომრჩევლები იყვნენ 36-დან 65 წლამდე.
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, მოლდოვაში მცხოვრებ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სტოიანოგლოს (51,19 პროცენტი). სანდუმ კი 48,81 პროცენტი მიიღო. საზღვარგარეთ სანდუს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82-მა პროცენტმა, სტოიანგოგლოს კი – 17 პროცენტმა.
„სოციალისტების“ პარტიაში განაცხადეს, რომ არ აღიარებენ უცხოურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგებს და ალექსანდრე სტოიანოგლოს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების „ნამდვილ გამარჯვებულს“ უწოდებენ.
„გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, განსაკუთრებით, დნესტრისპირეთის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემას არანაირად არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების თავისუფალი და დემოკრატიული გამოხატულება. მაია სანდუ გახდა „დიასპორის პრეზიდენტი““, – აღნიშნულია განცხადებაში.