მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. პრეზიდენტის, იგორ დოდონის განცხადებით, მან მთავრობის მიერ წარდგენილი შვიდი მინისტრის კანდიდატურა დაბლოკა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი სწორედ მთავრობასთან უთანხმოებას უკავშირდება.
რუსეთთან ახლო კავშირის მომხრე პრეზიდენტმა პრო-დასავლელი პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის მთავრობის ხუთი მინისტრისა და ორი სახელმწიფო მინისტრის დამტკიცებაზე თქვა უარი. იგორ დოდონმა მინისტრობის კანდიდატები კომპეტენციის ნაკლებობაში და საბანკო სკანდალში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
მთავრობა პრეზიდენტს არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომ მინისტრობის კანდიდატები პრეზიდენტის თანხმობის გვერდის ავლით დამტკიცებულიყო. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ინსტრუმენტია და არა სასამართლო ორგანო.
დოდონის განცხადების მიუხედავად, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს შესაძლებლობა მისცა, მინისტრობის კანდიდატები 5 იანვრისთვის დაამტკიცონ.