მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მოლდოვის მმართველი პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ (PAS) დეპუტატების ინიციატივას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ახლა მოლდოვის პარლამენტმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს. რეფერენდუმის გამართვა 2024 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იგეგმება. მოქალაქეთა უმრავლესობა ხმას თუ მისცემს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევა. კონსტიტუციის პრეამბულაში გაკეთდება ჩანაწერი მოლდოვის განვითარების ევროპული გზის შეუქცევადობის შესახებ. ასევე კონსტიტუციაში გაჩნდება ცალკე თავი „ევროპული ინტეგრაცია“.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის გამართვა 2023 წლის დეკემბერში შესთავაზა. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში წარადგინა.