მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის შედეგები დაამტკიცა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის შედეგები დაამტკიცა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები დაამტკიცა.

ექვსიდან ორ მოსამართლეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. როგორც მოლდოვის მედია იუწყება, რეფერენდუმის შედეგების დამტკიცების შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში შევა ცვლილებები. კონსტიტუციის პრეამბულაში (შესავალ ნაწილში) დაემატება შემდეგი ჩანაწერი: „ვადასტურებთ მოლდოვის ხალხის ევროპულ იდენტობას და მოლდოვის ევროპული კურსის შეუქცევადობას, ვაცხადებთ ევროპულ ინტეგრაციას მოლდოვის სტრატეგიულ მიზნად“.

ასევე, კონსტიტუციაში შევა ცალკე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. მისი პირველი პუნქტი ამბობს, რომ მოლდოვის ევროკავშირის ხელშეკრულებებთან შემდგომი მიერთება დამტკიცდება ორგანული კანონით. ორგანულ კანონებს იღებს პარლამენტი არჩეული დეპუტატების უმრავლესობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დომნიკა მანოლემ განაცხადა, რომ ორ მოსამართლეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. ესენი არიან: ვლადიმირ ცურკანი და სერგეი ცურკანი.

შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ევროინტეგრაციის შესახებ მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოლდოვის კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადობის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარი დაუჭირა 749,719 ამომრჩეველმა, 739,155-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეფერენდუმი ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. კენჭისყრის შედეგების თანახმად, მოლდოვაში გაიმართება მეორე ტური. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც მეორე ვადით იყრიდა კენჭს, არჩევნებში ხმების 42.45% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ კი – 25.98%. მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.