მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების გამო, რუსეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს. ამის მიზეზი მოლდოვის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო განცხადებები გახდა, – შესაბამის ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
კერძოდ, მოლდოვის საგარეო უწყების პროტესტი გამოიწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის კომენტარმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვა, როგორც ქვეყანა, უკვე აღარ არსებობს, რადგან ის რუმინეთს მიჰყიდეს.
მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მოლდოვის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „ხედავს რუმინეთის მხრიდან შთანთქმისკენ“ სვლას და მოლდოვის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის „განზრახ შეკვეცას“.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს აბსოლუტურად მიუღებელი და მოლდოვისა და ევროკავშირის მიმართ ცილისმწამებლური უწოდეს.