მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირს კიშინიოვისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან მიერთება არ მოუთხოვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკუ პოპესკუს განცხადებით, ევროკავშირს კიშინიოვისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან მიერთება არ მოუთხოვია.
„ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის რეკომენდაციები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება. ამ გზავნილებსა და მოთხოვნებს შორის არ არის სანქციებთან მიერთება,“ – განაცხადა პოპესკუმ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე საპასუხო ნაბიჯებს მოლდოვა ევროკავშირთან განიხილავს და კოორდინაციას უწევს.
„ჩვენ ბევრჯერ განვიხილეთ და კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს პარტნიორებთან მოლდოვის პოლიტიკას სანქციებთან მიმართებით. ეს პოლიტიკა ხელს არ უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას. კანდიდატის სტატუსის მიღება საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ ჩვენი მტკიცე საგარეო პოლიტიკური მიდგომით მოლდოვა მიემართება ევროკავშირის წევრობისკენ,“ – განაცხადა პოპესკუმ.
მანამდე, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განცხადა, რომ მოლდოვა მომავალში აპირებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.
ამასთან, 23-24 ივნისს ბრიუსელში გამართული ევროკავშირის ლიდერების სამიტის კომუნიკეში წერია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, იყოს თანხვედრაში სანქციებთან, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები.