მოლდოვის სადაზვერვო სამსახურის უფროსი - რუსეთი გეგმავს მოლდოვის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის ჩაშლას
მოლდოვის სადაზვერვო სამსახურის უფროსი - რუსეთი გეგმავს მოლდოვის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის ჩაშლას

რუსეთი გეგმავს მოლდოვის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის ჩაშლას, – ამის შესახებ მოლდოვის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე მუსტეატამ განაცხადა.

„რუსეთის დაზვერვის სამსახურები აპირებენ, ჩაერიონ საარჩევნო პროცესებში წელსაც. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მცდელობები შეეხება ევროინტეგრაციას, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, ასევე სამთავრობო ინსტიტუტებისა და იმ პოლიტიკოსების დისკრედიტაციას, რომლებიც მხარს უჭერენ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას“, – აღნიშნა მუსტეატამ.

როგორც „როიტრი“ წერს, მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ და მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ქვეყანაში ანტირუსული განწყობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, სადაც მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ვადით კენჭისყრას გეგმავს.