მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი ოქტავიან ციკუ აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე დადებითი შედეგის მიღწევა მისი ბლოკის წყალობით მოხერხდა
მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი ოქტავიან ციკუ აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე დადებითი შედეგის მიღწევა მისი ბლოკის წყალობით მოხერხდა

მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატის, ოქტავიან ციკუს თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე დადებითი შედეგის მიღწევა მისი ბლოკის წყალობით მოხერხდა.

ამასთან, მან ეჭვქვეშ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.

„როგორც ჩანს, შემოდგომის ამ ნათელ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ ძალიან მნიშვნელოვან რეფერენდუმში“, – აღნიშნა ციკუმ. თუმცა მან ხაზგასმით თქვა, რომ არჩევნები კომპრომეტირებული იყო.

„არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, არც დემოკრატიული. არჩევნები კომპრომეტირებული იყო რუსეთის ფულით და მოსკოვის ქმედებებით მოლდოვის წინააღმდეგ. უზარმაზარი თანხები დაიხარჯა პროპუტინისტი და პროოლიგარქიული ამომრჩევლების მოსყიდვისთვის“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ციკუს აზრით, თუ მომდევნო პარლამენტში პრორუსული უმრავლესობა ჩამოყალიბდება, მაშინ რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია. მან გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალმა რეფერენდუმმა, შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის კურსი ევროპული კავშირისკენ.

ციკუმ ასევე დაადანაშაულა მოქმედი ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაში.

„ჩვენ, ოთხი პარტიისგან შემდგარ პოლიტიკურ ბლოკს შეზღუდული რესურსებით მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ მოლდოვის მოქალაქეებისთვის შეგვეთავაზებინა პატიოსანი და პროევროპული ალტერნატივა. ჩვენ ამით ვამაყობთ“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ბლოკის „ერთად“ ძალისხმევის გარეშე რეფერენდუმზე დადებითი პასუხის მიღება შეუძლებელი იქნებოდა.

წინასწარი შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 50.39%-მა. საპრეზიდენტო არჩევნებში ბლოკის „ერთად“ კანდიდატმა მიიღო 0.93%.