მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს
მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი, „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი ალექსანდრ სტოიანოგლო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამის შესახებ სტოიანოგლომ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრ სტოიანოგლო აცხადებს, რომ რუსეთზე დამოკიდებული არ არის, მხარს ევროინტეგრაციას უჭერს და მოლდოვის ხელისუფლების მიერ შექმნილი განხეთქილების დაძლევა სურს.

მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ეცდება, აღმოფხვრას უთანხმოებები დნესტრისპირეთის რეგიონთან და მზადაა, შეხვდეს კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს, თუ ეს მისი თანამემამულეების უმრავლესობის ინტერესებში იქნება.

„მე კვლავ ვამტკიცებ, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რაც სასარგებლოა მოლდოვური საზოგადოების უმრავლესობისთვის, ეს ნიშნავს ესკალაციის შემცირებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით გამოდის, განსაკუთრებით, ჩვენი მოქალაქეები. თუ შეხვედრის დღის წესრიგი საკმარისად მნიშვნელოვანი იქნება მოლდოველების უმრავლესობისთვის და საჭიროა ორი ლიდერის შეხვედრა, მე შევხვდები რუსეთის პრეზიდენტს“, – აცხადებს სტოიანოგლო.

მისივე თქმით, მოლდოვის ევროინტეგრაცია უნდა იყოს ფოკუსირებული ევროკავშირის სტანდარტებისა და კანონმდებლობის დაკმაყოფილებაზე.

მისივე განცხადებით, ეს აზრს მოკლებულია დნესტრისპირეთის სეპარატისტებთან უთანხმოების მოგვარების გარეშე.

„ბრიუსელთან დაახლოების ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას დნესტრისპირეთის ლიდერებთან ერთად. მე მესმის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ შედეგებიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს“, – აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი.