მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ხელი მოაწერა
მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრიან კანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
კანონი ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
ტელე და რადიომაწუყებლობის შესახებ კოდექსში შესწორებები მოლდოვის პარლამენტმა 2017 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტს 101-დან 61-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ იყვნენ მოლდოვის “სოციალისტური” და “კომუნისტური” პარტიების წევრები.
ინიციატივის თანახმად, მოლდოვის ტერიტორიაზე შეიზღუდება საინფორმაციო-ანალიტიკური, პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლირება და რეტრანსლირება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია, ასეთი კი რუსეთია.
კანონპროექტს პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული უწოდა და მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
პრეზიდენტმა დოკუმენტი გადასახედად კვლავ პარლამენტს გადაუგზავნა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და იგი უცვლელად, ხელახლა დაამტკიცა.
ამის შემდეგ იგორ დოდონმა კანონის ხელმოწერაზე კვლავ უარი თქვა, რაც კანონით ეკრძალებოდა.
შედეგად მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული შეხედულებებით ცნობილ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ დანიშნა.
დღესვე, ანდრიან კანდუმ ხელი მოაწერა ბრძანებებს ორი ვიცე-პრემიერისა და ხუთი მინისტრის დანიშვნის შესახებ.
ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე იური ლიანკე დაინიშნა, რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი კი მოლდოვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი კრისტინა ლესნიკი გახდა. საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შვეიცარიაში ყოფილი ელჩი, ტუდორ ულიანოვსკი უხელმძღვანელებს. ბიზნესმენმა კირილ გაბურიჩმა კი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაიბარა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ოთხი თვის განმავლობში გაბურიჩი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ექიმმა სვეტლანა ჩებოტარმა ჯანდაცვის, შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი მოლდოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლივიუ ვოლკონოვიჩი გახდა, ხოლო იუსტიციის მინისტრი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრ ტენასე.