დნესტრისპირეთის რეგიონში ინციდენტების გამო, მოლდოვის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გამო ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება. ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა გმობს ნებისმიერ პროვოკაციას და კვლავაც მზადაა დიალოგისთვის, რათა დნესტრისპირეთის კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს.
სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები წარმოადგენს სიტუაციის ესკალაციას.
„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალებს შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება. კიშინიოვი კვლავ მზადაა, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“, – განაცხადა სანდუმ.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის რეგიონს მთავრობა ვერ აკონტროლებს, თუმცა ის მოდლოვის ნაწილია.
მაია სანდუს თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე გადაწყდა, რომ გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, სამართალდამცავი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებენ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიიღონ.