მოლდოვას პრეზიდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს
მოლდოვას პრეზიდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს

მოლდოვას პრეზიდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ იგორ დოდონმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო დღეებში დეპუტატების ნაწილი მოისყიდეს.

„ვფიქრობ, დეპუტატების მოსყიდვა სირცხვილია. ეს არის დემოკრატიისა და ხალხის შეურაცხყოფა. ვფიქრობ, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა პარლამენტი გაიწმინდოს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვადამდელი არჩევნების გასამართად პროცედურები წამოვიწყო“, – განაცხადა დოდონმა.

მისივე თქმით, იდეალური იქნება, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში პირველ ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება.

მოლდოვაში მმართველი კოალიციის ფორმირება მარტის თვეში დემოკრატებმა და სოციალისტებმა შეძლეს.

ბოლო დღეებში დემოკრატიული პარტიის ფრაქციიდან 17 დეპუტატი გადავიდა ჯგუფში, სახელწოდებით „პრო მოლდოვა“. მოლდოვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებს ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი და ილან შორი მართავენ, რომელთაც ბრალი მოლდოვას ბანკებიდან მილიონი ევროს მოპარვაში ედებათ.

მოლდოვას გენერალურმა პროკურატურამ პლახოტნიუკის ექსტრადირება აშშ-ისგან მოითხოვა. როგორც ცნობილია, ოლიგარქი ამჟამად მაიამიში ცხოვრობს.