მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, რა გზას ვირჩევთ მოლდოვის მომავლისთვის. მე მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალ წელს, შემოდგომაზე მოახდინოს რეფერენდუმის ინიცირება, რომელზეც ყველა მოქალაქის ხმა გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა სანდუმ.
სანდუმ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.