მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ შარლ მიშელს ესაუბრა
მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ შარლ მიშელს ესაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს პირველ ივნისს მოლდოვის დედაქალაქში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სხდომის შესახებ.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პრესსამსახური წერს, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა მოლდოვის ევროპული დღის წესრიგი და რეფორმები, რომლებსაც მთავრობა ატარებს.

სანდუმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპელი პარტნიორები უწევენ მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესში.

თავის მხრივ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მოლდოვისადმი ურყევია.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სხდომა კიშინიოვში პირველ ივნისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 47 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და ასევე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, რის გამოც პირველ ივნისს, დილის 07:00 საათიდან 2 ივნისის 07:00 საათამდე საჰაერო სივრცე დაიხურება. ამ დროს რეგულარული რეისები არ იფრენს.