მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას
მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ამის შესახებ მაია სანდუმ პარიზში მოლდოვის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლდოვის მხარდასაჭერად საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა.

„ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისი რესურსის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არახელმისაწვდომი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის. ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენს სოციალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა იმავე ფასს აქვს ბევრად მეტი დამანგრეველი გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ამასთან, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მოლდოვას დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. თანხის ნაწილი მოლდოვაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაიხარჯება.

„სასწრაფო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვყოთ ახალი პაკეტი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობით. 10 მილიონი ევრო გამოიყოფა მიმდინარე წლის ბოლომდე გრანტებად ლტოლვილთა უმაღლესი კომისიისთვის, მსოფლიოს სასურსათო პროგრამისთვის და იუნისეფისთვის, კერძოდ, ლტოლვილების მხარდასაჭერად, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა გათბობაზე, საკვებსა და განათლებაზე. ამას გარდა, 2023 წლის პირველ თვეებში მოლდოვის საავადმყოფოები აღიჭურვება მაღალი სიმძლავრის გენერატორებით“, – განაცხადა მაკრონმა.

​მოლდოვისთვის 32,5 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო გერმანიის მთავრობამ. ეს თანხა ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას, ინფრასტრუქტურასა და ლტოლვილებს მოხმარდება.

„ჩვენ არ დავტოვებთ მოლდოვას მარტოს სიცივეში, სიბნელეში და არც რეცესიაში“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.