მაია სანდუ - გვინდა, გვქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და მოლაპარაკებები დაიწყოს მალე, მადლიერი ვარ ყველა ლიდერის, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის გვერდით დგას
მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის, ჩვენ ვამაყობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თავი მოგვეყარა მსოფლიო ლიდერებისთვის ჩვენთან, ბევრ განსახილველ თემას შორის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენს დღის წესრიგში არის უკრაინა და მშვიდობის აღდგენა კონტინენტზე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
სანდუს თქმით, საჭიროა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს მხარდაჭერა უკრაინისადმი.
„შეხვედრაზე ვისაუბრებთ ენერგეტიკაზე, უსაფრთხოებაზე, ურთიერთკავშირებზე. ჩვენ გვინდა, რომ ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის და შევქმნათ პირობები ეკონომიკის განვითარებისთვის, ხალხის ცხოვრებისეული დონის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. ვაპირებ, რომ შეხვედრაზე დავაყენო საკითხი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე. როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ჩვენი მიზანია, რომ მოვამზადოთ მოლდოვა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ამ დეკადის დასრულებამდე. მე დავარწმუნებ ევროკავშირის ლიდერებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, რომ მხარი დაუჭირონ მოლდოვის ამ გეგმას. ნახეთ რამდენიმე დღის წინ დიდი აქცია, რომელიც გაიმართა კიშინიოვში. ჩვენ ერთგული ვართ და გვინდა, რომ გვქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. გვინდა, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს რაც შეიძლება მალე. მე მადლიერი ვარ ყველა ლიდერის, რომელიც ჩვენ გვერდით დგას და ყველა ლიდერის, რომელიც უკრაინის გვერდით დგას. უკრაინა გვიცავს და ჩვენ ამისთვის ვართ მადლიერები. ორივემ, უკრაინამაც და მოლდოვამაც აირჩია დემოკრატია და ჩვენ გვჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს დემოკრატია და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ვიმედოვნებ, რომ გვექნება სასარგებლო დისკუსია და მოვძებნით გამოსავალს ზოგიერთი საერთო გამოწვევიდან, მაგრამ ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ გამყარდეს ნდობა კონტინენტის ლიდერებს შორის“, – განაცხადა სანდუმ.
მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს სამიტში მონაწილეობისთვის.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ დათანხმდით ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე ჩამოსვლას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ ხართ დღეს. ჩვენ დღეს მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ და დავადასტურებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას იმ ფონზე, როდესაც ის განაგრძობს წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიისადმი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე, ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ვისაუბრეთ სოლიდარობაზე და როგორც იცით, მოლდოვა, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ მომავალზე. უკრაინა დღეს იცავს მოლდოვის უსაფრთხოებას და ამისთვის მადლიერები ვართ. მოლდოვა პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოლდოვა მხარს უჭერს სამშვიდობო ფორმულას, რომლითაც თქვენ გამოხვედით, ბატონო პრეზიდენტო და ასევე მხარს ვუჭერთ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას, რომელიც გაასამართლებს იმ პირებს, ვინც ომის დანაშაულებს ჩადიან უკრაინაში. გთხოვთ, ჩადოთ ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებში, გჯეროდეთ, ჩვენი დემოკრატიების და ჩვენი ევროპულ მომავლის. ეს არის თქვენი კონტრიბუცია სტაბილურობასა და მშვიდობაში ჩვენს კონტინენტზე“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.