მოლდოვის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიტას განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს.
ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლების“ მოლდოვის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მოლდოვაში ომის გაფართოების გარდაუვალი რისკი არ არსებობს“, – განაცხადა გავრილიტამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ოფიციალურ კიშინიოვს თავს დაესხმებიან, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე მოლდოვა ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს.
გავრილიტას განცხადებით, არ მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა მოსალოდნელია, რადგან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა, რომელსაც „არასდროს სურდა და არ ცდილობდა ნატო-ში გაწევრიანებას“.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თქმით, მის ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმა უკუშედეგის მომტანი იქნება, რადგან ბევრი მოლდოველი რუმინეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია. შესაბამისად, მოლდოვაში შეჭრა გამოიწვევს სხვა სახელმწიფოების ბევრად ფართო ჩართულობას.
უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების რისკი სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონთანაა დაკავშირებული, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ოფიციალური კიშინიოვისგან „დამოუკიდებლობა“ 1990 წელს გამოაცხადა იმ იმედით, რომ სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩებოდა. ამის შემდეგ 1992 წლის მარტში პრორუს სეპარატისტებსა და მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, რომელიც იმავე წლის ივლისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. დღემდე ამ ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული.