მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური - მოლდოვის მოქალაქეებმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, მუქარის მიზანია მოსახლეობის დაშინება, რათა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ პირველ ნოემბერს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ანონიმურად მიიღეს მკვლელობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებები.
პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებზე განხორციელდა „უპრეცედენტო თავდასხმა“, რომლის სამიზნე აღმოჩნდნენ როგორც ჟურნალისტები და ცნობილი სახეები, ასევე რიგითი მოქალაქეები. პრემიერის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ „მუქარის მიზანია მოსახლეობის დაშინება, რათა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება“.
პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის თქმით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩართულია და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა დაცვას. პრემიერმა მოსახლეობას კვირას დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტივობისკენ მოუწოდა. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ქვეყნის არჩევნებში ჩარევისა და მოსახლეობაზე გავლენის მოხდენის მიზნით მილიონობით დოლარი მიმართა.
მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს არის ჩანიშნული. პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმათა -42.37%-ის, ხოლო მოლდოვის „სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა, სტოიანოგლომ 26.02%-ის მიღება შეძლო.