მოლდოვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატში აცხადებენ, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმზე მოლდოველების მოსასყიდად რუსეთიდან 24 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა
მოლდოვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატში აცხადებენ, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმზე მოლდოველების მოსასყიდად რუსეთიდან 24 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა

მოლდოვაში რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსასყიდად მხოლოდ ოქტომბერში რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხეს.

ამის შესახებ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატის ხელმძღვანელმა, ვიორელ ჩერნეუცანუმ განაცხადა, წერს ადგილობრივი მედია.

გამოძიების მასალების თანახმად, ფულის გადარიცხვა „პრომსვიაზბანკის“ აპლიკაციით ხდებოდა.

მისი განცხადებით, აღნიშნული ბანკის გამოყენებით ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა. გამოძიების მიხედვით, სექტემბერში გადარიცხვების საერთო თანხა 15 მილიონს შეადგენდა, ხოლო ოქტომბრის ბოლო მონაცემებით, გადარიცხვებმა 39 მილიონი დოლარი შეადგინა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სისტემაში დარეგისტრირდა 138 ათასი ნომერი მოლდოვიდან.

მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ, რომ სქემის უკან გაქცეული მოლდოველი პრორუსი ბიზნესმენი ილან შორი დგას.

„მნიშვნელოვანია, ჩვენს ყველა მოქალაქეს ესმოდეს, რომ მათ უკანონო სქემაში ითრევენ“, – განაცხადა ჩერნეუცანუმ.

ამჟამად პოლიციას აღრიცხული ჰყავს 520-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც კავშირი აქვთ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემასთან. მათ სამ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრებათ.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.