მოლდოვის პოლიცია ქვეყნის ახალ მთავრობას არ აღიარებს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში მოლდოვის გენერალური კომისარიატის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პანზირმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობას ემორჩილება.
მანამდე მოლდოვას პარლამენტმა, სადაც გუშინ ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა, მოუწოდა სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ „დემოკრატიული პარტიის“ ხელისუფლებას.
მოლდოვაში სამთავრობო კოალიცია 8 ივნისს ჩამოყალიბდა, რაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა, რადგან კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისამდე იყო განსაზღვრული.
ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეწყვიტა და მის ადგილზე „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპ დანიშნა.
თავის მხრივ, პაველ ფილიპმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. „დემოკრატიის პარტიის“ წევრები ასევე მოუწოდებენ პრეზიდენტ იგორ დოდონს, თანამდებობა დატოვოს.