მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა დემოკრატიული პარტიის ინიციატივას ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირების შესახებ მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
პირველი და მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად კი, მოლდოვის პარლამენტის წევრთა მინიმუმ 67 ხმა იყო საჭირო.
„ამ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მომავალი თაობის საქმეა“, – განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიან კანდუმ.
კენჭისყრის დროს ლიბერალური და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
„როგორც გავიგეთ, ლიბერალებმა უარი თქვეს ევროპულ ინტეგრაციაზე. ამომრჩევლებმა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს, ეს დღე უნდა დაიმახსოვრონ“, – აღნიშნა კანდუმ.
ასევე, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ სოციალისტური და კომუნისტური პარტიების წევრებს.