მოლდოვის პარლამენტმა პაველ ფილიპის მთავრობა „უზურპატორად“ გამოაცხადა და სამართალდამცველებს დამოურჩილებლობისკენ მოუწოდა
მოლდოვის პარლამენტმა პაველ ფილიპის მთავრობა „უზურპატორად“ გამოაცხადა და სამართალდამცველებს დამოურჩილებლობისკენ მოუწოდა.
მოლდოვის პარლამენტმა საგანგებო სხდომა გამართა და მიიღო დეკლარაცია, რომლითაც პაველ ფილიპის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა უკანონოდ გამოაცხადა. დეკლარაციაში დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დასახმარებლად გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავენ.
„პარლამენტი ნდობადაკარგული ყოფილი მთავრობის მიერ ხელისუფლების უზურპაციის ფაქტს ადასტურებს. ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის ნაცვლად, გადაწყდა სიტუაციის დესტაბილიზაცია. პარლამენტი ფილიპის მთავრობის ფორმირებას უკანონოდ ცნობს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
პარლამენტმა მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს „უზურპატორებს არ დაემორჩილონ და კანონიერ ხელისუფლების მხარეს გადავიდნენ“.
შეგახსენებთ, 8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. აღნიშნულმა პარტიებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს.
იმავე დღეს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნია მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.
საპასუხოდ, მოლდოვის პარლამენტმა „დემოკრატიული პარტია“ და საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა.
2019 წლის თებერვალში, მოლდოვაში გამართული არჩევნების შედეგად მმართველი დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა ის ამ დრომდე აკონტროლებდა მთავრობას, რადგან პარლამენტში პარტიები მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევდნენ.